ალავერდი
ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე.
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მეტრს აღემატება.
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანმა.
XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.